არ შეიძლება ჩვენ ჩვენს ევროპულ კურსს გადავაყოლოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“– ში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმ განაცხადა.
„სამი წელი ველოდით ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკების გახსნას. საბოლოო ჯამში უკრაინის დალოდება ჩვენ მოგვიწია, ვინაიდან წინ წავედით შესრულებული ამოცანებით. ეს ყველაფერი მოვიპოვეთ ჩვენ ჩვენი ძალისხმევით, მათ შორის პოლიტიკური მიდგომებით, სხვადასხვა ქვეყანასთან და პარტნიორთან მუშაობით. წინააღმდეგობა დიდი იყო და ამ წინააღმდეგობას გადალახვა სჭირდებოდა, ზუსტად ასე იქნება ახლაც.
ახლა არის გარკვეული კონტექსტი და კონიუნქტურა, რომელიც შექმნილი არის, ვხედავთ ჩვენ, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომი არის ამის ერთ–ერთი განმაპირობებელი. როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ინტეგრაციაზე, აქაც არსებობს მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მიმართ, რომ მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს, რაც თავის თავში გულისხმობს სანქციებს, მათ შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
ჩვენ აქ ვამბობთ, რომ არ შეიძლება ჩვენ ჩვენს ევროპულ კურსს გადავაყოლოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. ჩვენ არ გვინდა „მხოლოდ“ და „ოღონდ“ წევრობა და ყველაფერი წაუღია წყალს. ასე არ შეიძლება მიდგომა, ვინაიდან ჩვენ გვინდა მშვიდობით შევიდეთ ევროკავშირში, თორემ არსობებს სხვა მოკლე გზები. კონფლიქტებითაც შეიძლება იყოს ეგ გზები. ჩვენ გვინდა მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით შევიდეთ. არც ერთს ამ სამი კომპონენტიდან საფრთხე არ უნდა შეექმნას, ისე უნდა შევიდეთ ევროკავშირში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.