გერმანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს კაცი, რომელიც სოციალურ ქსელებში ამერიკელ მომღერალ ტეილორ სვიფტს მოკვლით ემუქრებოდა. კაცი გელზენკირხენში სვიფტის კონცერტზე შესვლის მცდელობისას დაკავეს. იუწყება გამოცემა Bild
გამოცემის ცნობით, საუბარია 34 წლის ამერიკელზე, რომელიც გერმანიაში, გელზენკირხენში, ამერიკის ნებრასკის შტატიდან სვიფტის კონცერტზე ჩავიდა.
სამართალდამცავების თქმით, ის სოციალურ ქსელებში სვიფტს და მის მეგობარ კაცს ტრევის კელსის მოკვლით დაემუქრა. როდესაც კაცი პოპ ვარსკვლავის კონცერტზე ბილეთით შესვლას ცდილობდა, ის დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის 20 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში დარჩება.
აპრილში ტეილორ სვიფტი Forbes-ის მილიარდერთა სიაში შევიდა. თებერვლის დასაწყისში მან მოიგო გრემი წლის ალბომისთვის - Midnights-სთვის, გასულ დეკემბერში კი ჟურნალ Time-ის წლის ადამიანების სიის სათავეში მოხვდა.
2023 წლის დეკემბერში, მომღერლის საკონცერტო ტურმა - Eras Tour-მა დაამყარა მსოფლიო რეკორდი, როგორც ყველაზე შემოსავლიანმა საკონცერტო ტურმა ისტორიაში, ერთ მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავლით.