საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ქართველებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური რაუნდის დასკვნითი მატჩი სტუმრად ლიეტუვის ნაკრებთან გამართეს, 1:0 გაიმარჯვეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს.
გოლი 88-ე წუთზე გავიდა. თეონა ბაქრაძის წაქცევისთვის მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მაიკო ბებიამ უნაკლოდ შეასრულა, მან გუნდს სამი ქულა და მეორე ადგილი მოუტანა.
საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში თამაშის უფლებას C ლიგის ხუთივე ჯგუფის გამარჯვებულები და სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს, რომლებიც საკუთარ ჯგუფებში პირველ და მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან მოპოვებული ქულების მიხედვით გამოვლინდებიან.
ჯგუფური ეტაპის საქართველოს ნაკრებმა 10 ქულით დაასრულა და საკვალიფიკაციო ეტაპის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა.
პირველი არხი