დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უპირისპირდება იგივე ბოროტი ძალა, რომელიც 2012 წლამდე მართავდა, უფრო სწორად ანგრევდა და შლიდა ჩვენს ქვეყანას, დღეს, ხელოვნურად დაყოფილი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ომის და ქაოსის პარტია ისევ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, ამ დროს ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება არ უნდა მივცეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად, ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანიას, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ქართული ოცნების ძლიერი გამარჯვებით დასრულდება!
სიმბოლურია, რომ დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას, ჩვენს გვერდით არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, უნდა ვთქვათ პირდაპირ, გადამწყვეტი როლი და ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ყველაზე რთულ დროს, სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის ჟამს, დიქტატურისა და ხალხის მჩაგვრელი რეჟიმის პირობებში, ერთ ძლიერ გუნდად, საერთო მიზნისთვის გაგვაერთიანა და 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველო გადაარჩინა!
სულ ერთი წუთით გავიხსენოთ 2012 წლის საქართველო, ხალხი შიშის და რეპრესიების ქვეშ ცხოვრობდა, ადამიანებს კლავდნენ ქუჩაში თუ ციხეებში, ხდებოდა სისტემური დანაშაულები, პატიმრების არაადამიანური მოპყრობა, წამება, გაუპატიურება, კერძო საკუთრების წართმევა, ბიზნესის რეკეტი, არ არსებობდა თავისუფალი მედია. ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ სწორედ ასეთ ვითარებაში მყოფი ქვეყანა ჩაიბარა და სულ რაღაც მოკლე დროში ჩვენს ხალხს მოუტანა თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და კანდიდატის სტატუსი და რაც მთავარია, ერთადერთი უწყვეტი მშვიდობიანი მმართველობის პერიოდი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან! მადლობა ღმერთს ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი და ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები.
ამ ისტორიული გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა, გადარჩენის და გამარჯვების გზაზე ატარა!
ამას მოწმობს ის უდავო ფაქტიც, რომ დღევანდელ მსოფლიოში, ამ დაუნდობელი ომების ეპოქაში, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონში არსებულ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ერთის მხრივ ინარჩუნებს მშვიდობას, მეორეს მხრივ კი განუხრელად ვითარდება ყველა მიმართულებით.
ჩვენი ქვეყნის ისტორიამ, მათ შორის უახლესმა წარსულმა, არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერის ცხოვრებაში მშვიდობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და მას განსაკუთრებით სჭირდება მოფრთხილება და შენარჩუნება, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყნის განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებში არის შესაძლებელი.
თუმცა, რამდენიმე წლის წინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში ღიად გამოვიდნენ რადიკალური ოპოზიციის წევრები და ომის მომხრეები, რომლებიც მშვიდობას აგრესიულად დაუპირისპირდნენ, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას საკუთარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ითხოვდნენ მებრძოლების გაგზავნას მთავრობის მიერ ნებადართული თვითმფრინავებით, ითხოვდნენ საქართველოს ომში ჩართვას, ანუ ქვეყნის დანგრევას და ჩვენი ხალხის განადგურებას, მაშინ, როდესაც ამ ურთულესი დღეებიდან მოყოლებული, ჩვენი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს ომი და ქაოსი ავაცილოთ თავიდან!
ეს საპატიო მოვალეობა ღირსეულად შევასრულეთ და არა მხოლოდ მშვიდობა შევინარჩუნეთ, არამედ უკვე მეოთხე წელია გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ქვეყანამ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. აქვე უნდა შევახსენოთ საზოგადოებას რომ ამ ყველაფერს და პირველ რიგში მშვიდობას შენარჩუნება და დაცვა სჭირდება!
ომი საშინელებაა, და ეს, ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით. თუმცა, საბედნიეროდ, ყველა ომს აქვს დასასრული და იმედს გამოვთქვამთ, მალე, ჩვენს რეგიონშიც დაისადგურებს მშვიდობა.
ძვირფასო მეგობრებო,
„ქართული ოცნება“ და წარმოადგენს ერთადერთ უალტერნატივო ძალას საქართველოში რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის გარანტი!
მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უპირისპირდება იგივე ბოროტი ძალა, რომელიც 2012 წლამდე მართავდა, უფრო სწორად ანგრევდა და შლიდა ჩვენს ქვეყანას, დღეს, ხელოვნურად დაყოფილი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ომის და ქაოსის პარტია ისევ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, ამ დროს ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება არ უნდა მივცეთ! მათ ქვეყანა ერთხელ უკვე დაანგრიეს და მეორედ ჩვენ არ მივცემთ ქვეყნის დანგრევის და ხალხის განადგურების საშუალებას!
შესაბამისად, 2012 წლის მსგავსად, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება მარტივია, რადგან დღეს არჩევანი კეთდება - ომსა და მშვიდობას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას, განვითარებაზე ორიენტირებულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ ძალას და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელ ომის და ქაოსის შემომტან ბოროტ ძალას შორის.
ძვირფასო მეგობრებო, 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ერთგული ამომრჩევლის, ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომით და ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და მჯერა, ისევ ჩვენი ბრძენი ხალხის თანადგომით და ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.