საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საზოგადოებაში არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, დონალდ ტრამპზე თავდასხმის მნიშვნელობა დააკნინონ, თითქოს ეს ყველაფერი შემთხვევითობაა.
პაპუაშვილის თქმით, „ზუსტად აქეთკენ მიდის ლიბერალური ფაშიზმი“.
„გულდასაწყვეტია, რომ ჩვენს საზოგადოებაში, პოლიტიკურ და ენჯეოსექტორში არიან ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ, ეს ქვეყანა გაწირონ ისე, რომ თვალსაც არ დაახამხამებენ. ვნახეთ, რომ ყველა ცდილობს, რაღაცნაირად დააკნინოს ამ შემთხვევის მნიშვნელობა. მათ თუ დავუჯერებთ, ეს ყველაფერი შემთხვევითობაა – ფიცოს ესროლა ვიღაც პენსიონერმა, ტრამპს – ვიღაც თინეიჯერმა და ასე შემდეგ. სინამდვილეში ვხედავთ, რომ ეს არის ერთი ხელწერა. ამიტომ ვამბობთ, რომ ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც ზოგიერთი ჯგუფის მეშვეობით, უცხოური დაფინანსებით ინერგება საქართველოში, ზუსტად აქეთკენ მიდის, ზუსტად ასე შეაჩეჩა ხელში „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომლის სროლის შედეგადაც პოლიციელი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. ყველას შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს ადამიანი შეიწყალა. ახლა რომ ფარისევლურად გამოთქვამს წუხილს ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ადამიანი, რომელიც სიკვდილისთვის წირავდა პოლიციელს და ცეცხლი წაუკიდა. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს არის შედეგი, რომ შემდეგ დააბრალონ პოლარიზაციას, გახლეჩას და არ ჩანდეს კონკრეტული დამნაშავე, ის, ვინც აქეზებს, ცეცხლს უკიდებს, აპროვოცირებს ასეთ ქმედებებს. ზუსტად ამას ვაკვირდებით საქართველოში და ამიტომაც ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანი იყო, ყველა დონორი გამიჯვნოდა რაღაც ლიბერალურ ფაშისტურ კამპანიებს, რომლებიც საქართველოსში იყო წარმოებული", - განაცხადა პაპუაშვილმა.