პრეზიდენტი დღეს რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ცნობილია, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საჩივარს წარმოებაში მიიღებს, ზურაბიშვილის ინტერესებს ეკა ბესელია დაიცავს.
“დღეს იქნება გაგზავნილი სარჩელი სასამართლოში და მე იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება დანიშვნა გამწესრიგებელი სხდომისა, სწრაფად მოხდება ამ საქმის და ამ სარჩელის განხილვა, იმიტომ, რომ ვადებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როგორ იქნება პრეზიდენტი წარმოადგენილი პროცესზე, ამას ვნახავთ, თუმცა, ფაქტობრივად, ჩართულია ამ პროცესში და ბუნებრივია, არ დავაკლებ ძალისხმევას იმისთვის, რომ ავიცილოთ თავიდან ის დიდი ზიანი, რომელიც ამ კანონმა მოუტანა ქვეყანას. სასამართლომ არ უნდა მოიმიზეზოს ზაფხულის პერიოდი და შვებულებები. ეს ის სარჩელია, რომელსაც ელოდება მთელი ქვეყანა, ამიტომ ვადებს აქვს დიდი მნიშვნელობა. ვადის გადმოწვეას კიდევ უფრო ადრე ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. სარჩელით მოთხოვნილია, რომ შეჩერდეს ნორმის მოქმედება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად გადაწყვეტს ამ დავას ანუ გამწესრიგებელ სხდომაზევე თავდაპირველ ეტაპზე მოხდეს და მოხდეს ამ კანონის მოქმედების შეჩერება, იმიტომ, რომ შეჩერების საფუძველი არის უკვე მიყენებული ზიანი, რომელიც განგრძობადი ხასიათის არის და არ წყდება, კიდევ უფრო მეტი ზიანი შეიძლება მიადგეს ქვეყანას, - განაცხადა ეკა ბესელიამ.