ირაკლი რუხაძის ეს განცხადება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროპის კავშირში - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
გია ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება წარმოადგენს“ ერთადერთ წინაღობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
„ჩვენ რამდენადაც ვიცით, ირაკლი რუხაძე წარმოადგენს ივანიშვილის უახლოვეს გარემოცვას, აქედან გამომდინარე მის განცხადებას ამიტომაც აქვს მნიშვნელობა. თავის დროზე, როდესაც ქართულმა ოცნებამ ეს მუხლი შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში, მაშინაც ვფიქრობდი რომ ეს იყო მათი მხრიდან პოპულისტური ნაბიჯი. ერთის მხრივ, დაერწმუნებინათ საქართველოს მოქალაქეები თავიანთ თითქოს დასავლურ ორიენტაციაში, ამავდროულად ეს იყო სატყუარა, რომელიც გადაუგდეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
მაშინ როდესაც, ევროპის კავშირთან გართულებულია, გაუარესებულია ურთიერთობები, მაშინ როდესაც თავად ევროპის კავშირი აცხადებს, რომ შეჩერებულია საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესი, მაშინ როდესაც შეჩერებულია ევროპის კავშირის ფინანსური დახმარება, რაც საქართველოს უამრავ მოქალაქეს ტოვებს - სიღარიბეში, უმუშევრობაში, ეს განცხადება როგორც ჩანს მოდის ივანიშვილისგან და ეს განცხადება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროპის კავშირში, ქართულ ოცნებას არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო არ გახდეს ამ სივრცის ნაწილი, ქართული ოცნება წარმოადგენს ერთადერთ წინაღობას საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე.“ - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა: "ეს [ევროკავშირში გაწევრიანება] არის აყვანილი საკრალურ, დოგმატურ დონეზე. იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ კონსტიტუციაში წერია... ჩემი აზრით, სისულელეა და არ უნდა ჩაგვეწერა. რა უნდა ასეთ რაღაცებს კონსტიტუციაში, რომელიც მუდმივი დოკუმენტია".