შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის დროს მომხდარი სროლის გამო, პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან შოკირებული ვარ სროლით, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის დროს მოხდა.
დონალდ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვუსამძიმრებ უდანაშაულო მსხვერპლის ოჯახს. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსროლელი განეიტრალებულია.