მსროლელი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიტინგზე სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა, თუმცა პოლიცია სხვა შესაძლო ეჭვმიტანილებს ეძებს. ამის შესახებ ნათქვამია პენსილვანიის შტატის პოლიციის განცხადებაში.
”ჩვენ მოვიძიებთ დამატებით ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება მიგვანიშნოს ვინმეზე, ვინც შესაძლოა ამაში მონაწილეობდა”, - განაცხადეს პოლიციაში.
მანამდე გამოცემა New York Post-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტრამპის მიტინგზე სროლა 20 წლის თომას მეთიუ კრუკსმა განახორციელა, რომელიც სცენიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავზე იმალებოდა.
ასევე, CNN-ის ჟურნალისტი ები ფილიპი იუწყება, მსროლელი პენსილვანიელი 20 წლის კაცია.
პენსილვანიის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსროლელი განეიტრალებულია.