ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ქვეყანაში მშვიდობასა და თავდაცვისუნარიანობაზე. ესეც გარკვეული გამოცდილება და გაკვეთილია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უვადოდ შეჩერებული სამხედრო წვრთნების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არავინ დააყენებს. ამიტომ ჩვენ არც სხვების ინტერესი უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესზე მაღლა.
„მაშინ, როცა ნატო-ს ჯარები ავღანეთიდან გამოდიოდნენ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო მათი სწრაფი გამოყვანა. მაშინ საქართველომ შეასრულა გადამწყვეტი როლი და ამაზე დიდ მადლობასაც ვიღებდით. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური გემოვნებებით თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არ გააკეთებს და რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები უპირველეს ყოვლისა ჩვენი ინტერესის სფეროა. ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ქვეყანაში მშვიდობასა და თავდაცვისუნარიანობაზე. ესეც გარკვეული გამოცდილება და გაკვეთილია. მაშინ, როცა 2008 წელს იყო ჩვენთვის დამანგრეველი ომი, ამ ომის შემდეგ ომგამოვლილ ქვეყანას 6 წელი, 2013-2014 წლამდე, ნატო-ს არცერთი ქვეყანა იარაღს არ აძლევდა. არათუ გვჩუქნიდა, მოყიდვაზეც კი ჰქონდათ აკრძალვა. ეს სამწუხარო ფაქტი იყო. იმ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ ამას მალავდა, არ იცოდა საზოგადოებამ. ფაქტობრივად, საქართველო, ომგამოვლილი ქვეყანა იყო სანქციის ქვეშ. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არავინ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ დააყენებს. ამიტომ ჩვენ არც სხვების ინტერესი არ უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესზე მაღლა.
რაც შეეხება ჯარისთვის განსაზღვრულ თუ ქვეყნისთვის განსაზღვრულ თანხას, გადაინაცვლებს NGO სექტორში. ეს აჩვენებს, რაც ხდება. ვინც ატარებს მათ ინტერესს, იქით მიდის ფული. თუ მიიჩნიეს, რომ შესაძლოა საქართველოს მთავრობა არ ატარებს სხვა მთავრობის ინტერესებს, გადაინაცვლა იქით, ვინც ატარებს მათ ინტერესს. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ასეთი ფულის უკან დგას ხოლმე ინტერესები და ამ ინტერესს მიეცა კალაპოტი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.