რამდენი დაჭრილი და დაღუპული გვყავს, 30 მილიონით დასაჯეს საქართველო და ჩვენი თავდაცვის უწყების ბიჭები?! 30 მილიონი ჩვენმა ერთმა ღირსეულმა მოქალაქემ ფეხბურთელებს აჩუქა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„დასაჯო საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი მაგარი ბიჭები, თავდაცვის უწყება, სამხედრო პირები იმის გამო, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მიერ მიღებული კანონი არ მოგწონს. რატომღაც დაავიწყდათ, რომ ეს მაგარი ბიჭები მსოფლიოს უსაფრთხოების პროგრამებში მონაწილეობდნენ. ნატო-მ რომ უკან დაიხია და ავღანეთი „თალიბებს“ დაუთმო, როცა უკან გამორბოდნენ, იქაც კი ქართველმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, რათა დროულად გამოსულიყვნენ. რამდენი დაჭრილი და დაღუპული გვყავს. სამაგიერო რითი გადაუხადეთ, 30 მილიონით დასაჯეთ საქართველო და ჩვენი თავდაცვის უწყების ბიჭები?! 30 მილიონი ჩვენმა ერთმა ღირსეულმა მოქალაქემ ფეხბურთელებს აჩუქა! მინდა, მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, რომელმაც კიდევ 100 მილიონი გამოყო თავდაცვის უწყების გაძლიერებისთვის. თქვენ გგონიათ, ამ 30 მილიონით ჩვენს ქვეყანას დააჩოქებთ? ძალიან ცდებით, ბატონო ჰერჩინსკი, თუ თქვენ გგონიათ, რომ იაფფასიანი ტრიუკებით მებრძოლ და მეომარ ერს დააჩოქებთ და ქვეყნის ინტერესებზე ხელს ააღებინებთ! ველოდებით, რომ არჩევნების შემდეგ ალბათ ურთირთოებების გადატვირთვა მოხდება და შემდეგ ალბათ შეგრცხვებათ, ჩვენი მოსახლეობისთვის თვალში ჩახედვის შეგრცხვებათ. ვწუხვარ, მაგრამ მოგიწევთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.