ეს ქვეყანა არ დაწყებულა ბიძინა ივანიშვილით და არ დამთავრდება ბიძინა ივანიშვილით, - ამის შესახებ განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა მედიასთან საუბრის დროს გააკეთა.
ბუჩუკურის თქმით, ქართველმა ხალხმა ევროკავშირში გაწევრიანებისა დაუოკებელი სურვილი მთელ მსოფლიოს დაანახა, ამიტომაც საქართველოს პარტნიორები მის გვერდით არიან.
„ხელისუფლებები იცვლება. ეს ქვეყანა არ დაწყებულა ბიძინა ივანიშვილით და არ დამთავრდება ბიძინა ივანიშვილით. ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ, ბევრჯერ, მათ შორის ბოლო პერიოდში, მისი ურყევი ნება დასავლეთის ნაწილად ყოფნაზე აჩვენა. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს გვერდით არიან პარტნიორები", - ამბობს ბუჩუკური.
თბილისში ოფიციალური ვიზიტით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ჩამოვიდა. ინფორმაციასა ზეია პლატფორმა "X"-ზე აქვეყნებს.
როგორც უზრა ზეია ამბობს, თბილისში ჩამოვიდა იმისთვის, რათა ხაზგასმით აღნიშნონ ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქართველი ხალხისადმი.