ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ლამინ იამალი გერმანიაში მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ვარსკვლავი გახდა. ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთთან გატანილი მისი გოლი უკვე ტურნირის ერთ-ერთ ულამაზეს გოლად დასახელდა.
გარდა ამისა, იამალმა ერთდროულად ორი რეკორდი დაამყარა - როგორც ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, ასევე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.
ესპანეთი-საფრანგეთის ნახევარფინალის დღეს, რომელიც ესპანელების გამარჯვებით 2-1 დასრულდა, იამალი 16 წლის და 362 დღის იყო. ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის ის უკვე 17 წლის იქნება. ფეხბურთელი დაბადების დღეს 13 ივლისს აღნიშნავს.
წინა ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე იყო პოლონელი კაცპერ კოზლოვსკი (17 წლის და 246 დღის), რომელმაც პოლონეთის ნაკრების შემადგენლობაში ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის წინააღმდეგ 2021 წელს ითამაშა.
ლამინ იამალი (სრული სახელი ლამინ იამალ ნასრაუი ებანა) უკვე ახალგაზრდა ასაკში გახდა „ბარსელონას“ ვარსკვლავი, მან კლუბში 51 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.
"ის გააკეთებს ისეთ რაღაცას, რასაც ჯერ ვერც კი წარმოვიდგენთ. ხანდახან ვფიქრობდი: „რა შემიძლია ვასწავლო მას, თუ ის უკვე მთავაზობს თამაშს, რომელიც აქამდე არ მინახავს“, - ამბობს ივან კარასკო, რომელიც ბავშვობაში იამალს წვრთნიდა.
ლიონელ მესის, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავს, ასევე ახსოვს ლამინ იამალი ბავშვობაში, თუმცა იმ ასაკში, როდესაც მისი საფეხბურთო მომავლის წინასწარმეტყველება ჯერ არ შეიძლებოდა.
გასულ კვირას, იამალის მამამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა 20 წლის მესის ფოტო, რომელსაც ხელში პატარა ლამინი უჭირავს. ფოტოს აქვს წარწერა: „ორი ლეგენდის დასაწყისი“.
ფოტო გადაღებულია 2007 წელს Associated Press-ის ფოტოგრაფის ჯოან მონფორტის მიერ იუნისეფ-ის კალენდრისთვის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში.
მესი იამალთან ერთად დგას „ბარსელონას“ საფეხბურთო კლუბის სტადიონის გასახდელში, რომლისთვისაც თავად მესი თითქმის 20 წელი თამაშობდა და სადაც შემდეგ ლამინ იამალი მივიდა.
იამალი გახდა „ბარსელონას“ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე (15 წლის და 290 დღის) გასული საუკუნის განმავლობაში - არმანდო საგას შემდეგ, რომელიც 1922 წელს 15 წლის იყო.
16 წლისა და 57 დღის ასაკში კი იამალი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი გახდა.
ლამინ იამალი დაიბადა ბარსელონის გარეუბანში, მატაროში. ის ძალიან არის მიჯაჭვული ამ ქალაქთან.
304, რომელსაც იგი აჩვენებს ორივე ხელის თითებით გამარჯვების აღნიშვნისას , არის პატივისცემა იმ უბნისადმი, სადაც ის გაიზარდა - როკაფონდის 304.
ეს უზარმაზარი რაიონი საფოსტო ინდექსით 304, მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე დაუცველად არა მხოლოდ კატალონიაში, არამედ მთელ ესპანეთში.
ლამინი გაიზარდა მიგრანტების ოჯახში, დედა ეკვატორული გვინეადან არის, მამა კი მაროკოელია.
პატარა ლამინი მთელ დღეებს ქუჩაში ატარებდა, სიცხეში ბურთით თამაშობდა, ვიდრე ერთ დღეს მამამ არ წაიყვანა „ბარსელონას“ საფეხბურთო კლუბთან არსებულ „ლა მასიას“ ახალგაზრდა ნიჭიერთა აკადემიაში.
"ჩვენ შევხვდით სამშაბათს და შაბათს ის უკვე აწყობდა ბარგს", - იხსენებს ამ შეხვედრას აკადემიის ყოფილი დირექტორი ხავი მარტინი.
როდესაც აკადემიამ ლამინის შესაძლებლობები შეაფასა და მოეწონა, მამამ ჰკითხა: "გსურთ ჩემმა შვილმა "ბარსელონაში" ითამაშოს? მაშინ ჯერ მას მიეცით განათლება“.
ლამინი ჩაირიცხა „ლა მასიას“ აკადემიაში.
ესპანეთში ამბობენ, რომ იამალის აღზევება არ არის მხოლოდ მისი პირადი წარმატება, არამედ ეს არის მთელი საზოგადოების იმედი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უგელებელყოფილი და დეგრადირებული იყო. ეს არის იმედის სხივი ადამიანებისთვის, რომლებსაც გარკვეული გარემოდან თავის დაღწევის იმედი აქვთ გადაწურული .
ლამინ იამალის თქმით, მას ფეხბურთი მაშინ შეუყვარდა, როცა მამისა და ბიძაშვილის თამაშს უყურებდა.
„პარკში მეტ დროს ვატარებდი, ვიდრე სახლში. ყოველთვის, როცა გარეთ გავდიოდი, ეს მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ იყო“, - თქვა მან.
მესის თქმით, იამალი უახლოეს წლებში ოქროს ბურთის ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო პრეტენდენტია.
ფეხბურთში ნებისმიერი პროგნოზი აზრსმოკლებულია და ევროპის ჩემპიონატზე ერთი ლამაზი გოლი ჯერ კიდევ შორს არის ბრწყინვალე კარიერის გარანტიისგან.
თუმცა ამ ორ ფეხბურთელს ბოლო დროს ხშირად ადარებენ ერთმანეთს. ბევრი ხედავს იამალში არგენტინელი ვარსკვლავის თამაშის თავისებურებებს.
თავად იამალი, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელს შეეფერება, მოკრძალებულია და ამბობს: "ასეთი სხვა მესი არ იქნება".
BBC