ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელის, მაიკ კარპენტერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთან ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია.
გიგი წერეთლის თქმით, ყოველთვის იყო გაცხადებული, რომ ეს ათწლეულების ნაშენები ურთიერთობა უპირობო არ იქნებოდა, ხოლო ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ არცერთი პირობა არ შეესრულებინა.
„შესაბამისად, შედეგები არის სახეზე: ჩვენ ვნახეთ სანქციების პირველი ეტაპი, თავდაცვის სამინისტროსთან პროგრამის შეწყვეტა და თუ ცვლილებები არ იქნება და ხელისუფლების სტრატეგია არ შეიცვლება, კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მივიღებთ.
მივიღებთ კიდევ უფრო ღრმა სანქციებს, რითიც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა ზარალდება, ოღონდ თითოეულ მოქალაქეს, ვინც ამის ეფექტს იღებს, უნდა ესმოდეს, რომ ეს არის სწორედ ხელისუფლების მავნებლური და არასწორი პოლიტიკის ბრალი“ - თქვა გიგი წერეთელმა.