ევროკავშირის ახლად არჩეული ხელმძღვანელობის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღა. საქართველოს შემთხვევაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი, - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ფოკუსირებულია ევროკავშირის გაფართოებაზე. ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე ანალიტიკოსი, ექსპერტი და მეცნიერი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა თბილისში, რათა განიხილონ გაფართოების შემდეგი დიდი ტალღა. მოგეხსენებათ, ათი ქვეყანაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. ყველა ქვეყანას აქვს თავისი გამოწვევები. პროცესი გრძელდება. ევროკავშირმა ახლახან მიიღო გადაწყვეტილება მომავალი ხელმძღვანელობის შესახებ. რა თქმა უნდა, ევროკავშირის შემდეგი ხელმძღვანელობა დიდი ამბიციებით დაიწყებს მუშაობას. გაფართოება ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის ახლად არჩეული ხელმძღვანელობის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღა. საქართველოს შემთხვევაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, მოვასწრებთ, რათა საქართველო იყოს ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოების ნაწილი“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ იმართება.