„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, გაერთიანებაში გიორგი ვაშაძისა და სოფო ჯაფარიძის გარდა ასევე იქნებიან – გია ჯაფარიძე, სოფო ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, ირაკლი ფავლენიშვილი.
ბოკუჩავას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა აქცია რეფერენდუმად რუსულ ბნელეთსა და წარმატებულ ევროპულ მომავალს შორის.
მისივე თქმით, ერთიანობით შეუძლებელიც შესაძლებელია.
„ყველაზე ცხადად ჩვენი ეროვნული ნაკრების ბიჭებმა დაგვანახეს, რომ ერთიანობით, გუნდურობით, თავდადებით ჩვენ ევროპაზე გასვლაც და გიგანტების დამარცხებაც შეგვიძლია.
ახალგაზრდებმა დღეს და მრავალგზის მოგვიწოდეს ერთიანობისკენ.
მათ გვაჩვენეს, რომ არ არსებობს იმაზე დიდი და დიადი მიზანი, ვიდრე ქვეყნის გადარჩენაა.
მათ მოგვცეს ერთიანობის მისაბაძი მაგალითი, როდესაც ხელისუფლების დაუნდობელ ძალადობას თუ უსამართლო პროპაგანდას უპირისპირდებოდნენ მხოლოდ ერთიანობით, სიმტკიცითა და სიმშვიდით.
მათ მოგვცეს შეუპოვრობისა და ბრძოლის მაგალითი და დაგვიბრუნეს გამარჯვების ურყევი რწმენა. მადლობა ქართველ ახალგაზრდებს ამისთვის - მეამაყებით და მეიმედებით, საქართველოს მომავალი თქვენია!
ჩვენ გვაქვს ერთი ქვეყანა. ერთი საქართველო. ერთი სახელმწიფო. და დღეს - ერთადერთი მიზანია - გადავარჩინოთ ქვეყნის ევროპული მომავალი და ამით, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა.
ჩვენი ვალია, გვერდზე გადავდოთ ყველა განსხვავება და გავერთიანდეთ ამ საერთო უზენაესი მიზნის ირგვლივ.
თუ სხვა პარტიები ამ ეტაპზე ვერ ერთიანდებიან, გავერთიანდეთ პოლიტიკოსებთან, საზოგადოებრივად აქტიურ პირებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, და რაც მთავარია - ახალგაზრდებთან, რომლებმაც ყველაზე კარგად დაგვანახეს ერთიანობის ძალა და ამით სხვებსაც მივცეთ ბიძგი ერთიანობისკენ“, - განაცხადა ბოკუჩავამ .