კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.
რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მოხარულია მთავრობის მეთაურის მოსკოვში ხილვით. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში ჩავიდა, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე.
რუსული მედიის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა უკრაინაში არსებული ვითარება იყო.
„რა თქმა უნდა, მე მზად ვარ თქვენთან ერთად განვიხილო ნიუანსები ამ საკითხთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ გამაცნობთ თქვენს პოზიციას, ევროპელი პარტნიორების პოზიციას“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა დასძინა, რომ მზადაა თანამოსაუბრეს მოსკოვის წინადადებების დეტალები წარუდგინოს.
ორბანმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პუტინს მიღებისთვის და აღნიშნა, რომ „ეს შეხვედრა უფრო განსაკუთრებულია, ვიდრე წინა“.
„მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და თქვენთან ერთად განვიხილო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მსურს ვიცოდე თქვენი პოზიცია ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. მალე, როგორც ჩანს, უნგრეთი გახდება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც შეუძლია ყველასთან საუბარი“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ვიქტორ ორბანი მოსკოვში დღეს ჩავიდა.