UEFA-მ თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის მერიჰ დემირალის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო თურქი ნაციონალისტების ჟესტისთვის, რომელიც მან აჩვენა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ავსტრიასთან თამაშის დროს.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი გამოეხმაურა დემირალის ჟესტს, რომელსაც უწოდებენ "მგლის მისალმებას" და რომელიც "ფაშისტურად" არის მიიჩნეული ევროპის რიგ ქვეყანებში, მათ შორის ავსტრიაში.
"თურქი მემარჯვენე ექსტრემისტების სიმბოლოებს ადგილი არ აქვს ჩვენს სტადიონებზე. ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის რასიზმის პლატფორმად გამოყენება სრულიად მიუღებელია. ჩვენ ველით, რომ უეფა ჩაატარებს გამოძიებას და განიხილავს შესაძლო სანქციებს", - წერს ის სოციალურ ქსელ X-ში.
ფეზერის განცხადების შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი იურგენ შულცი დაიბარა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„მიუღებელია, რომ უეფამ დაიწყო დისციპლინური გამოძიება თურქი ფეხბურთელის მერიჰ დემირალის წინააღმდეგ. გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ „მგლის მისალმება“ შეიძლება სულაც არ ასოცირდებოდეს მემარჯვენე ექსტრემიზმთან და რომ ეს არ არის გერმანიაში აკრძალული სიმბოლო.
ამ ვითარებაში გერმანიის ხელისუფლების რეაქცია დემირალის ქმედებებზე თავად შეიძლება ჩაითვალოს ქსენოფობიურად. ჩვენ ვგმობთ პოლიტიკურად მოტივირებულ რეაგირებას გოლის აღნიშვნის ფარგლებში ისტორიული და კულტურული სიმბოლოს გამოყენებაზე, რომელიც არავის წინააღმდეგ არ იყო მიმართული“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
თავად დემირალმა განმარტა, რომ არ სურდა ვინმეს შეურაცხყოფა და რომ მისი ჟესტი მხოლოდ მის „თურქულ იდენტობას“ უკავშირდებოდა. "ამის მიღმა არავითარი ფარული გზავნილი არ არის. ჩვენ ყველანი თურქები ვართ და მე ძალიან ვამაყობ, რომ თურქი ვარ. უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა, როგორი ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, მეტი შესაძლებლობა მექნება ამ ჟესტის გამოსახატავად," - თქვა მან.
ავსტრიასთან მატჩში მერიჰ დემირალმა ორი გოლი გაიტანა, რამაც საშუალება მისცა თურქეთს 2:1 მოეგო და მეოთხედფინალში გასულიყო, სადაც ის ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.