ჟენევაში გაერო-ს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ხელმომწერი ქვეყნების წარმომადგენლები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს აღნიშნული კანონი.
„ვეხმაურებით უმაღლესი კომისრის მიერ გლობალურ ანგარიშში გაჟღერებულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ეს კანონი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის საქართველოში.
კანონი მიზნად ისახავს, რომ შემაკავებელი ეფექტი მოახდენოს მედიასაშუალებების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე, მათი ხმის ჩახშობის მიზნით. კანონი მიღებულ იქნა ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთების უგულებელყოფით და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კანონპროექტის წინ წაწევისგან თავშეკავების არაერთი მოწოდების, მათ შორის, ვენეციის კომისიის დეტალური იურიდიული არგუმენტების მიუხედავად.
საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, შეწყვიტოს კანონის მოწინააღმდეგეთა დაშინების კამპანია და დაიცვას გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება.
სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის ხერხემალია, რომელიც ანგარიშვალდებულების, ნამდვილი გამჭვირვალობისა და მავნე გავლენებისგან გამძლეობის უზრუნველყოფაში ეხმარება.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სრულად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენების ფაქტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონს, მიიღოს შესაბამისი ზომები მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების ან ოპოზიციის აქტივისტების, ჟურნალისტების და მედიის სხვა მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თავი შეიკავოს ისეთი რიტორიკისგან, რამაც შეიძლება, კიდევ უფრო გააძლიეროს უკიდურესი პოლარიზაცია ქვეყანაში. სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და სხვების მიმართ ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორკესტრირებული კამპანია მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, – აღნიშნულია 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში.