აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სამშაბათს, 25 ივნისს, ტელეფონით პირველად ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს ანდრეი ბელოუსოვს.
ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა და დასძინა, რომ სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ბელოუსოვთან საუბრისას ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებებისთვის მნიშვნელოვანია „საკომუნიკაციო არხების შენარჩუნება“. მინისტრებმა "გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე". კერძოდ, ბელოუსოვმა აღნიშნა „სიტუაციის შემდგომი ესკალაციის საფრთხე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით“.
რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა მას შემდეგ, რაც კრემლი ვაშინგტონს დაემუქრა ანექსირებულ სევასტოპოლზე უკრაინის არმიის სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც დაიღუპა ოთხი და დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი.
„ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვას საომარ მოქმედებებში, რის შედეგადაც რუსი მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან, რა თქმა უნდა, შედეგები მოჰყვება - ამას დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 24 ივნისს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სევასტოპოლზე თავდასხმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ამერიკული ATACMS რაკეტების გამოყენებით განხორციელდა და აშშ-ს ბრალი დასდო აღნიშნულ იერიშთან კავშირში.
ბრალდებების საპასუხოდ, პენტაგონმა განაცხადა: „უკრაინა თავად იღებს გადაწყვეტილებას სამიზნეებზე და ახორციელებს საკუთარ სამხედრო ოპერაციებს“.
ბოლო სატელეფონო საუბარი პენტაგონის ხელმძღვანელსა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს [იმ დროს - სერგეი შოიგუს] შორის 2023 წლის მარტში შედგა.