საქართველო როდესაც გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ევროპული მზე პირველად საქართველოში ამოვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც 2017 წელს შევიტანეთ სავალდებულო დათქმა საქართველოს კონსტიტუციაში ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის შესახებ. 2030 წელს შემთხვევით არ ვახსენებ. დარწმუნებული ვარ, 2030 წელს დიდი სიამოვნებით ვიტყვით, რომ ევროპაში პირველად მზე ჩვენთან ამოდის. ახლავე შეგვიძლია, ვთქვათ - ჩვენ ვართ ევროპის ყველაზე აღმოსავლეთი ნაწილი და საქართველო როდესაც გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ევროპული მზე პირველად საქართველოში ამოვა. ამაში დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ ჩვენ კულტურულად, მენტალურად ვართ ევროპის ნაწილი და თუკი ღირსებაზე, იდენტობაზე და ტრადიციებზე ვლაპარაკობთ, სწორედ ის არის ევროპული, რომელიც ქრისტიანულ და დემოკრატიულ საწყისებს ეფუძნება,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.