განვიხილავთ ფინანსური დახმარების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, პარალელურად, გავზრდით მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში აგენტების კანონის მიღებაა, რაც საქართველოს ევროკავშირთან, დაახლოების ნაცვლად, აშორებს
„ჩვენ მაღალჩინოსანთა მხრიდან მოვისმინეთ, რომ ეს კანონი აახლოებს ევროკავშირთან. მინდა, ვიყო ძალიან მკაფიო – არა, არა, ეს კანონი და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება აშორებს საქართველოს ევროკავშირს. მეტად მკაფიო ვერ ვიქნები. ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. ამ განცხადებას მხარს უჭერს 27-დან 26 წევრი ქვეყანა. არ გვაქვს ერთსულოვნება, თუმცა არც გვჭირდება ის ვითარების პოლიტიკური შეფასებისას. ჩვენ ვიცით, რომ ეს დინამიკა წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებასთან და დღეს მინისტრების უმრავლესობა ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოს მთავრობა აშორებს ქვეყანას ევროკავშირისგან“, – განაცხადა ბორელმა.
ბორელის განცხადებით, მთავრობა თუ არ შეცვლის ქმედებების კურსს, საქართველო წინ ვერ წაიწევს ევროკავშირის გზაზე.
„პარალელურად, ჩვენ გავზრდით ჩვენს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ. წინ აღვუდგებით დეზინფორმაციას, გავზრდით მხარდაჭერას საარჩევნო პროცესის მიმართ. ჩვენ შევიმუშავეთ სამუშაო ვარიანტი და ვაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს, ზომების შეჯერებას. შევამცირებთ პოლიტიკურ კონტექსტს და საქართველოსთან წვდომას, განვიხილავთ ფინანსური დახმარების შეჩერებას მთავრობისთვის და გადავხედავთ ჩვენ მხარდაჭერას ევროპის მშვიდობის ფონდიდან. ამის გაკეთება დაუყოვნებლივაა შესაძლებელი. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით, დემოკრატიის სასარგებლოდ, მათი უმრავლესობის არჩევანის და ევროკავშირში საქართველოს მომავლის გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ბორელმა.
მისივე თქმით, თქმით, ევროპის მშვიდობის ფონდიდან საქართველოს მხარდაჭერის გეგმის შეწყვეტას არ სჭირდება წევრი სახელმწიფოების ერთსულოვნება.