ბორელის განცხადება ნიშნავს, რომ მავნებელი ხელისუფლება ვიდრე გეყოლებათ, ევროპის კარი დაკეტილიაო, როცა ამათ მოიშორებთ, აგერ, ორი ხელით გელოდებითო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„არჩევნებამდე დარჩა ოთხი თვე, არც კი. რა არის არჩევანი? ვისაც გვინდა განვითარება და ევროპა, ხმას ვაძლევთ ოპოზიციას, ვისაც გვინდა რუსული ჭაობი და გენატრებათ – „ქართულ ოცნებას“ და რუსეთს. სანქციები უნდა დაუწესდეს არა ქვეყანას და ხალხს – რა დააშავა ხალხმა და ქვეყანამ – სანქციები უნდა დაუწესდეს იმ ხალხს, ვისაც ჩვენთვის არ ემეტება ევროპა და ამერიკა. ამიტომ მათთვის არ უნდა იყოს არც ევროპა და არც ამერიკა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ლუქსემბურგში დღეს, ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველოს საკითხზე მსჯელობენ.
„საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ ხელისუფლება თუ განაგრძობს იმას, რასაც აკეთებს ახლა, ეს კარი დაიხურება“, - განუცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებს.