პრეზიდენტი დესტრუქციულ ქმედებას აგრძელებს დესტრუქციულ ოპოზიციასთან ერთად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი დუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს სადაც შეუძლია, რომ ზიანი მიაყენოს საქართველოს და საზოგადოების უსაფრთხოებას, იქ ამ შანსს ხელიდან არ უშვებს.
„რეალობა ისაა, რომ საქართველოსთან მიმართებაში არის ძალიან ბევრი ხილული მტერი, ასევე არიან უხილავი მავნებლებიც. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი არის ხილული მავნებელი, რომელიც დესტრუქციულ ქმედებას აგრძელებს დესტრუქციულ ოპოზიციასთან ერთად. სადაც შეუძლია, რომ ჩაშალოს, აურიოს, დაანგრიოს, გააფუჭოს და ზიანი მიაყენოს თავად ქვეყანას და საზოგადოების უსაფრთხოებას, იქ, რა თქმა უნდა, ის ამ შანსს ხელიდან არ უშვებს. პრეზიდენტი, როგორც აქამდე, გადაწყვეტილებებში არ არის დამოუკიდებელი და ის ასრულებს დაკვეთებს, რა თქმა უნდა, ესეც შეთანხმებული მავნებლობაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი რამ არ უნდა დარჩეს უპასუხო, რადგან ეს არის ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ დესტრუქციული ქმედება, მით უმეტეს, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან, პრეზიდენტის მხრიდან. ვფიქრობ, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება და მეტის ცოდნაა საჭირო, საიდან ხდება ასეთი კონკრეტული დაკვეთები და რატომ გადავიდა ასეთ ღია დაპირისპირებაზე არათუ მმართველ გუნდთან, არამედ – საკუთარ ქვეყანასთან და საზოგადოებასთან“, – განაცხადა დუნდაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საქართველოს ელჩებს მიმართა: „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“.