რუსეთმა უნდა შეასრულოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება გუტერეშმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსკოვი და ფხენიანი შეთანხმდნენ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთდახმარების უზრუნველყოფას აგრესიის შემთხვევაში.
მანამდე აშშ აცხადებდა, რომ ფხენიანი მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ იარაღს უგზავნიდა.
„ამერიკის ხმის“ ცნობით, გაერო-ს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით 28 ივნისს შეიკრიბება აშშ-ის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მოთხოვნით, რომლებსაც სურთ განიხილონ საბჭოს რეზოლუციების დარღვევით ფხენიანის მიერ იარაღის გაყიდვის საკითხი.
ჩრდილოეთ კორეა 2006 წლიდან ექვემდებარება გაერო-ს სანქციებს ბირთვულ სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებით. ამ ხნის განმავლობაში სანქციები მკაცრდებოდა, მათ შორის რუსეთის მხარდაჭერით.
”არსებობს სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რომლებიც დაამტკიცა უშიშროების საბჭომ. ნებისმიერი ურთიერთობა, რომელსაც ნებისმიერი ქვეყანა ინარჩუნებს ჩრდილოეთ კორასთან, მათ შორის რუსეთის ფედერაცია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამ სანქციებს, - განუცხადა გუტერეშმა ჟურნალისტებს.