ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია შვეიცარიაში გამართულ უკრაინის მშვიდობის სამიტზე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკურად ლეგიტიმური ინსტიტუტი დარჩა პრეზიდენტის სახით და სწორედ ამის დადასტურებაა მისი ფორუმზე ყოფნაც.
ბოკერიას თქმით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, მის ინიციატივაზე „ქართული ქარტიის“ შესახებ და ასევე ჩვენთვის, ჩვენი პარტნორებისთვისა და ზოგადად საქართველოს უდიდესი ნაწილისთვის მნიშვნელოვან თემაზე - რუსების მიერ აფხაზეთში ჩადენილ ქართველთა გენოციდზე და ცხინვალში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე.
ბოკერიას განცხადებით, თავისუფალი სამყარო ზოგჯერ დაგვიანებით, თუმცა ყოველთვის რეაგირებს იმ ძალებზე, რომლებიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართავს ძალადობას, უპირისპირდება მას და ეკვრება ბოროტების იმპერიის მემკვიდრე რუსეთს.
„სწორედ ასეთია ივანიშვილის რეჟიმი, შესაბამისად, ყველა შემთხვევაში, ამა თუ იმ ტემპით, ის ნაბიჯები, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტკივილს მიაყენებს პუტინისტურ რეჟიმს, აუცილებლად იქნება გადადგმული.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა შექმნილ ვითარებაზე, მის ინიციატივაზე „ქართული ქარტიის“ შესახებ და ასევე ჩვენთვის, ჩვენი პარტნორებისთვისა და ზოგადად საქართველოს უდიდესი ნაწილისთვის მნიშვნელოვან თემაზე - რუსების მიერ აფხაზეთში ჩადენილ ქართველთა გენოციდზე და ცხინვალში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინასთან და მთელ ამ სივრცესთან ერთად რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების პირველი მსხვერპლი იყო.
ფილმი „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რომელიც მან ახსენა და ამის გამო, როგორც მოქალაქე, მისი მადლიერი ვარ, სწორედ ამ უბედურებას აღწერს, რისი საკუთარი თავისთვის და თავისუფალი სამყაროსთვის შეხსენებაც აუცილებელია. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხში“ - თქვა გიგა ბოკერიამ.