უკრაინას მოუწევს დიალოგის გამართვა რუსეთთან, მაგრამ არა იმ ულტიმატუმების ენით, რასაც ახლა კრემლი იყენებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა.
„ჩვენ ასევე მშვენივრად გვესმის, რომ დადგება მომენტი, როდესაც საჭირო იქნება რუსეთთან დიალოგი. მაგრამ ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ჩვენ არ მივცემთ რუსეთს ულტიმატუმების ენით ლაპარაკის უფლებას, როგორც ის ახლა ლაპარაკობს“, - თქვა კულებამ.
კულებამ ასევე აღნიშნა, რომ პუტინის ბოლო ულტიმატუმს „მადა არ შეუქმნია სამიტზე, რადგან ყველას ესმის, რომ ეს გაკეთდა ერთი მარტივი მიზნისთვის - სამიტის წინა დღეს გარკვეული პიარტალღის შესაქმენელად“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო სამიტზე ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობა დასრულებულია. მომავალში ის ღია იქნება სხვა სახელმწიფოების მიერთებისთვის.
კულებამ დარწმუნებით აღნიშნა, რომ ტექსტი დაბალანსებულია და უკრაინისთვის ფუნდამენტური პუნქტები გათვალისწინებულია.
შეგახსენებთ, პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის", მაგრამ ამისთვის უკრაინამ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები რუსების მიერ ოკუპირებული ყველა რეგიონიდან, რომელსაც კრემლი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიად მიიჩნევს.