ყველა ჩვენგანი მზად არის ავაშენოთ მდგრადი მშვიდობა, ასეთი მშვიდობა კი არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შვეიცარიაში, მშვიდობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ამ დარბაზში არავინ იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველას სურს გრძელვადიანი მშვიდობა, ანუ მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო წესებს და აღადგენს უკრაინის სუვერენიტეტს. არის ერთი აგრესორი და არის მსხვერპლი", - ხაზგასმით აღნიშნა მან.
მაკრონმა აღნიშნა, რომ პარალელურად უნდა იმუშაონ იმისთვის, გააფართოვონ იმ ქვეყნების წრე, რომლებიც უერთდებიან საერთო ძალისხმევას.
„ეს ომი გლობალური საკითხია. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრა არის საუკეთესო მტკიცებულება იმისა, რომ ხალხი აქ ყველა კონტინენტიდან იმყოფება უკრაინაში მშვიდობის მხარდასაჭერად, რადგან ჩვენი საერთაშორისო წესები და სიმშვიდეში არსებობის შესაძლებლობა საფრთხეშია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი, რათა საზღვრები და სუვერენიტეტი იყოს დაცული.
გაეროს გენერალური ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას ოლიმპიური ზავის შესახებ. ჩვენ არ განვიხილავთ ამ ზავს, როგორც ვალდებულებას უკრაინის წინაშე.
მინდა მკაფიო ვიყო და ეს პრეზიდენტ ზელენსკისაც ვუთხარი: ეს აშკარა მოწოდება რუსეთის მიმართ, შეწყვიტოს თავისი აგრესიული ომი და თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე. მაქვს შემოთავაზება, პარალელურად ჩვენ ყველამ ერთად ვიმუშაოთ, გავაფართოოთ ქვეყნების წრე, რომლებიც უერთდებიან ჩვენს ძალისხმევას, რათა თავიდან ავიცილოთ მსოფლიოში დიდი განხეთქილება“, – აღნიშნა მაკრონმა.