უელსის პრინცესა, 42 წლის ქეით მიდლტონი პირველად გამოჩნდა საჯაროდ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის ონკოლოგიური დაავადების გამო ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა.
ქეითმა ოჯახთან ერთად მონაწილეობა მიიღო მეფის, ჩარლზ III-ის დაბადების დღის აღსანიშნავად მოწყობილ ცერემონიალში და ბუკინგემის სასახლესთან შეკრებილ ხალხს აივნიდან მიესალმა.
საჯაროდ გამოჩენამდე ქეით მიდლტონმა პოსტი გამოაქვეყნა ინსტაგრამზე, სადაც მადლიერება გამოთქვა იმ მხარდაჭერის გამო, რაც მან ხალხისგან მიიღო მისი დიაგნოზის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ და თქვა, რომ მკურნალობის პროცესი კარგი პროგრესით მიდის.
"მე ვსწავლობ, როგორ ვიყო მომთმენი, მით უფრო გაურკვევლობაში. ვიღებ ყოველ დღეს ისეთს, როგორიცაა, ვუსმენ ჩემს სხეულს და თავს უფლებას ვაძლევ გამოჯანმრთელებისთვის გამოვიყენო იმდენი დრო, რამდენიც მჭირდება" - დაწერა ქეით მიდლტონმა.
უელსის პრინცესას საჯარო ცხოვრებიდან გაუჩინარების მიზეზი მისი სამედიცინო დიაგნოზი იყო - 2024 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ უელსის პრინცესა სიმსივნეს ებრძვის.
22 მარტს კენსინგტონის სასახლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მიდლტონს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და განმარტა, რომ ის ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა.
16 აპრილს, ბრიტანულმა ტელეარხმა Sky News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უელსის პრინცმა უილიამმა პირველად განაახლა თავისი საჯარო მოვალეობები მას შემდეგ, რაც მარტში გასაჯაროვდა მისი მეუღლის დიაგნოზი.