სომხეთის რესპუბლიკის ელჩი ბელარუსში რაზმიკ ხუმარიანი ერევანში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა ანი ბადალიანმა განაცხადა.
სომხური მედიის ცნობით, გუშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არც ის და სომხეთის რესპუბლიკის არც სხვა ოფიციალური წარმომადგენელი ბელარუსში არ ჩავა, ვიდრე ალექსანდრ ლუკაშენკა მისი პრეზიდენტი იქნება.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ფაშინიანმა დაასახელა ლუკაშენკას ბოლო განცხადება ერევანსა და ბაქოს შორის სამხედრო კონფლიქტის შესახებ, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი დაიბრუნა.
მაისის შუა რიცხვებში ბაქოში ვიზიტის დროს ლუკაშენკამ რეგიონში ომს "განმათავისუფლებელი" უწოდა და გაიხსენა მის დაწყებამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შედეგების განხილვაზე მსჯელობა. "ჩვენ ერთად ვისაუბრეთ ფილოსოფიურად. მაშინ მივედით დასკვნამდე, რომ შესაძლებელია ომის მოგება", - თქვა მაშინ ბელარუსის მმართველმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, რომ სწორედ ლუკაშენკას პოზიციამ მოახდინა გავლენა ერევნის გადაწყვეტილებაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ.
მარტში სომხეთმა ფაქტობრივად შეაჩერა ამ ორგანიზაციის წევრობა და მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ წყვეტს ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსებას. გუშინ ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი ტოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას.