ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს, რომლის პოლიტიკური ძალა ევროპული ლიბერალური ბლოკის ნაწილია, აქვს მნიშვნელოვანი შანსები უხელმძღვანელოს ევროკავშირის საგარეო დიპლომატიურ სამსახურს ახალ ევროკომისიაში. იუწყება Politico
როგორც გამოცემა ევროპელ მაღალჩინოსნებზე და დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად კი, ესტონეთის პრემიერი კაია კალასი განიხილება. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სავარაუდოდ თანამდებობებს შეინარჩუნებენ.
ევროპარლამენტის არჩევნებამდე, კალასის მიმართ სკეპტიციზმი არსებობდა რუსეთის მიმართ მისი დამოკიდებულების გამო, კრიტიკოსები შიშობდნენ, რომ ის მთლიანად თავის რეგიონზე გაამახვილებდა ყურადღებას და ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას საკმარის ყურადღებას არ დაუთმობდა.
თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს კრიტიკული პოზიცია ფაქტობრივად გაქრა და ახლა უმეტესობა თანხმდება, რომ კალასი იდეალურად შეეფერება ამ თანამდებობას გეოგრაფიული, პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით.
როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირის წამყვან თანამდებობებზე კანდიდატებთან დაკავშირებით ძირითად დებულებებზე შეთანხმება 17 ივნისს, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ ვახშამზე მოხდება. ფორმალური შეთანხმება კი 27-28 ივნისის სამიტზე იქნება მიღწეული.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კანდიდატების ასე სწრაფად შეთანხმება ნაწილობრივ ასოცირდება მაკრონის მოულოდნელ გადაწყვეტილებასთან, საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ.
ემანუელ მაკრონი მიიჩნევა ევროკავშირის მოწინავე თანამდებობების საკითხზე მოლაპარაკებებში ერთ-ერთ მთავარ შუამავლად. ამდენად ბრიუსელში მისი მომლაპარაკებელი უფლებამოსილება შემცირებულია. მისი ყურადღება ახლა ფოკუსირებულია საფრანგეთში დანიშნულ არჩევნებზე და არა ბრიუსელში თანამდებობების განაწილებაზე.