ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი, რომელიც ბერლინში იმყოფება, როგორც ჩანს აღარ საუბრობს დასავლეთზე, როგორც ომის პარტიაზე, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტს ჰკითხეს, როგორ აპირებს არჩევნების შემდეგ, როგორც პრეზიდენტმა დაიცვას ქვეყანა რუსეთის პროვოკაციებისგან.
„ვერავინ იტყვის ხვალ პუტინი რას გააკეთებს და რას არ გააკეთებს. ერთადერთი ომის პარტია, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის რუსეთი. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი, რომელიც ბერლინში იმყოფება, როგორც ჩანს აღარ საუბრობს დასავლეთზე , როგორც ომის პარტიაზე, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი. თუ ეს ასე არის, მე ვულოცავ მას და გავიმეორებ იმას რომ "ქართული ქარტია" ღია არის ყველასთვის, ვინც არის პროევროპული. თუ მოხდა ფერისცვალება, შემოგვიერთდეს და ხელი მოაწეროს.
რა შეაჩერებს რუსეთს და რა არის ჩვენი მთავარი ძალა? ორი რამ არის: ერთი, არის ჩვენი ერთობა. ყველა ვინც ცდილობს დაპირისპირება და სიძულვილი გაზარდოს ეს აძლიერებს მტერს. ტყუილად არ გვიწერია ჩვენ, რომ „ძალა ერთობაშია“. ერთობა რჩება ჩვენ მთავარ ძალად. მეორე ძალა არის ჩვენი პარტნიორი და მათი ჩვენ მიმართ ერთგულება, ჩვენი ერთგულება მათ მიმართ ზოგჯერ კოჭლობს.
ჩვენ არ გვაქვს, არც უფლება და არც საშუალება რომ გადავიდეთ იზოლაციაში. ნეიტრალურობაზე მითები, და რომ არ დავემონებით, არც რუსებს, ევროპას და ამერიკას ლამაზი სათქმელია, მაგრამ ჩვენ გვყავს ერთი მხრივ მეგობრები და ემორე მხრივ მტრები და ამას თუ ვერ გავარჩევთ, რაღაც გვაკლია აზროვნებაში და ლოგიკაში“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.