მე შეიძლება არ ვიდგე იქ, სადაც თქვენ დგახართ და ღმერთმა ქნას, რომ არ დამჭირდეს მე იქ გამოსვლა, მაგრამ ხომ იცით, რომ საქმეში ერთად ვართ, არჩევნების მომზადებაში ერთად ვართ, ჩვენი დიასპორის მობილიზაციაში ერთად ვართ, ხმების დაცვაში ერთად ვართ. მე მაქვს თქვენი იმედი და თქვენ გქონდეთ ჩემი იმედი, - ამ სიტყვებით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ახლაგაზრდებს.
სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს მოუწოდა, არჩევნების მომზადებაში აქტიურად ჩაერთნენ.
„ეს არის ჩემი სურვილი, მოვალეობა, რომ მადლობა გამოვხატო იმისთვის, რაც თქვენ ახალგაზრდობამ გააკეთეთ თქვენი ქვეყნისთვის და ეს არ არის პატარა რამ. თქვენ შეძელით და მოგვეცით ახალი იმედი, დაგვანახეთ ჩვენი თავი სხვანაირად, რომ თურმე ამ ქვეყანას ჰყოლია ძალიან შეგნებული, ძალიან ცოცხალი, ძალიან ღირსეული და ძალიან შეგნებული ახალგაზრდობა, ახალგაზრდობა, რომელმაც იცის, რა ელის ქვეყანას, რა დღეში არის ქვეყანა, რა გადაწყვეტილება აქვს ქვეყანას მისაღები და იცის, როგორი მომავალი უნდა ამ თავის ქვეყნისთვის.
ბევრს გვეგონა, რომ ახალგაზრდობა ფიქრობდა კერძო ინდივიდუალურ მომავალზე, მაგრამ არ ვიცოდით, რომ თქვენ ასე ღრმად ფიქრობდით თქვენს სამშობლოზე და ეს თქვენ შეძელით და დაგვანახეთ და არა მხოლოდ ჩვენ დაგვანახეთ, ანუ საქართველოს საზოგადოებას. თქვენ ეს დაანახეთ მსოფლიოს, ისეთი სურათი გააშუქეთ თქვენ საზღვრების იქით, რომ ის ეჭვები, რაც არსებობდა საქართველოს მიმართ რომ აღარ ვიცით, საით მიდის ეს ქვეყანა, ნუთუ გადაუხვია თავის გზას, უცებ თქვენი დანახვით და ყოველდღიური ბრძოლით, ეს გადაიქცა უაღრესად პოზიტიურ სურათად. ახალგაზრდები რომლებიც გამოდიოდნენ ყოველდღე, ყოველღამე იმისთვის, რომ თქვან, რომ ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, ჩვენ არ გვინდა რუსული მომავალი, ან რუსულ ყაიდაზე გადაყვანილი საქათველოს მომავალი და თქვენ შეძელით, რომ ყველას დაენახა კრეატიულობით, სილაღით, ქართველობით, ეროვნულობით და ევროპულობით, და დაანახეთ მსოფლიოს, რომ სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის დიდი მადლობა. მადლობა, რომ თქვენ დიდი საქმე შეძელით.
შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, ვერ დავამარცხეთ ის რუსული კანონი, აბა, დღეს რაღა ვქნათ, თქვენ გაიმარჯვეთ და გამარჯვებული დადიხართ და ეს ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთიდან გიყურებდნენ და თქვენთან ერთად არიან, გეუბნებიან, რომ თქვენ გაიმარჯვეთ. ეს ერთი კანონი არაფერია, კი ბოლომდე მიღებულია, მაგრამ ამ ერთი კანონის და ბევრი სხვა კანონის, რომელიც არანაკლებ რუსულია, ამ ყველა კანონის გაუქმება შეილება ერთი ხელის მოსმით, ერთი პარლამენტის სხდომით და ეს უკვე წერია ქართულ ქარტიაში, ეს უკვე გადაწყვეტილია და ეს უკვე ხელმოწერილია, პრაქტიკულად, ყველა იმ პარტიისგან, რომელსაც აქვთ ამბიცია, რომ იყვნენ პროევროპული და მათი პროევროპულობა დადასტურდება, როცა რეალურად პარლამენტში ამ კანონებს გააუქმებენ და ეს იქნება თქვენი გამარჯვება, ცხადია, ეს გამარჯვება გადის არჩევნებზე, სხვა გზა არ არსებობს დემოკრატიულ ქვეყანაში.
არჩევნები ეს არის ძალიან დიდი ბედი, შანსი ჩვენთვის, რომ არჩევნები ახლავე კარზე დგას. ამ არჩევნებისთვის ზუსტად საკმარისი მომზადების დრო გვაქვს. ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია, ხალხს გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები არჩევნები კი არა, ეგზისტენციალური არჩევანია - სადაც უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რასაც საქართველო ამბობს არა მხოლოდ 30 წელია, არამედ რასაც საქართველო ამბობდა სულ მუდამ, რაც იყო სახელმწიფო, რომ ევროპული ღირებულებები არის მის ღირებულებები, რომ არ შეიძლება ეს ღირებულებები ვინმემ შეუცვალოს გარედან, არ შეიძლება რომ გარუსდეს საქართველო, არ შეიძლება რომ არ იყოს ძლიერი, ეს არის ჩვენი არჩევანი ამ მომავალ არჩევნებზე. ჩვენ რომელიმე პარტიას კი არ ვირჩევთ, კი ეს გავა რომელიმე პარტიის არჩევანზე, არამედ ჩვენ ამ სამოქმედო გეგმის მეშვეობით ვირჩევთ, რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.