თქვენი ფარული ლოცვა-კურთხევით ადამიანებს სცემენ, - ასე მიმართა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას.
ხვიჩიას თქმით, ამ ფონზე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს მისი მშობლები ყოველდღე ელოდებიან, რომ შეიძლება მისი შვილი სცემონ.
„ჩემთვის ძალიან ცუდი მოსასმენი იყო, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „თქვენ ჯინაზე შემიძლია პარლამენტიც გავაუქმო, რადგან ცუდად იქცევითო“, თუმცა იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა.
ზუსტად იგივე ხდება ბოლო პერიოდის გავრცელებულ ნარატივთან დაკავშირებით, სადაც თქვენი ლიდერები ხშირად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ტერორს ახდენენ, შეურაცხყოფას აყენებენ და აბულინგებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. მაშინ, როდესაც რეალურად თქვენი ფარული ლოცვა-კურთხევით ადამიანებს სცემენ. საუბარი სიტყვიერ ბულინგზე კი არ არის, არამედ ადამიანებს ფიზიკურად სცემენ - ასისხლიანებენ და საავადმყოფოში ხვდებიან. მაგალითად, ჩემი მშობლები ყოველდღე ელოდებიან, რომ შეიძლება გამლახონ და საავადმყოფოში აღმოვჩნდე. ანუ პროფესია პოლიტიკოსი და აქტივისტი ადამიანური ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დადგა თქვენი მმართველობის დროს. ამ დროს გამოდიხართ და ამბობთ, რომ თქვენ გაბულინგებენ, გინდათ რომ მსხვერპლი თქვენ გამოხვიდეთ და არა ის ხალხი, რომელიც დასისხლიანებულია საავადმყოფოში“ , - განაცხადა ხვიჩიამ.