ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ევროპარლამენტში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ევროპარლამენტის არჩევნებში მიღებული შედეგები ძალიან იმედისმომცემია.
მისივე თქმით, არჩევნებში ისეთმა ძალებმა გაიმარჯვეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ერთიანი და ძლიერი ევროპა, უსაფრთხოება, ეკონიმიკური გაძლიერება და გაფართოება, რაშიც საქართველოს უდიდესი ინტერესია.
„იმედი მაქვსის პოლიტიკური ძალები და საკვანძო ფიგურები, ვინც აქამდე იყვნენ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღები, დარჩებიან და ევროკომისიაც დაკომპლექტდება უახლოეს ვადაში.
ჩვენი განსაკუთრებული მილოცვა ეკუთვნის ევროპის სახალხო პარტიას, რომლის წევრიცაა ევროპული საქართველო და რომელთანაც გვაქვს ძალიან ინტენსიური კავშირი.
ეს არის სწორედ ის პარტია, რომელიც ყოველთვის საქართველოს სასიკეთო გადაწყვეტილებების ავანგარდში იყო: თავისუფალი ვაჭრობის, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებისას და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ეს ასე გაგრძელდება“ - თქვა გიგი წერეთელმა
წერეთელმა ასევე დასძინა, რომ ქართული ოცნება სწორედ “ევროპის სახალხო პარტიასა” და ბევრ სხვა ცალკეულ ლიდერს სხვადასხვა პარტიებიდან აერთიანებს “გლობალური ომის პარტიისა” და საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილთა იარლიყის ქვეშ, რაც რეალობის სრულიად საპირისპიროა.
„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პერიოდი იქნება ევროპული გაფართოების, ასევე უკრაინის , მოლდოვის მხარდაჭერისა და საქართველოს დაჩქარებული ევროინტეგრაციის კუთხით, ოღონდ ამისთვის არსებობს ერთი პირობა - ჩვენ შიგნით გვჭირდება ცვლილება, უნდა ვიყოთ მზად და თავად ვდგამდეთ ნაბიჯებს სწორი მიმართულებით.
შესაბამისად, ამ ყველაფრის მთავარი პირობა მმართველობის დემოკრატიული ცვლილებაა და ეს ჩვენს ამომრჩეველს უნდა ესმოდეს. ყველა ადამიანი, ვინც არ ფიქრობდა არჩევნებზე მისვლას, ახლა უნდა მივიდეს, რათა ჩვენ სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ წინ, ამის გაკეთება კი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მხოლოდ დემოკრატიულ, დასავლურ კოალიციას შეუძლია“ - განაცხადა გიგი წერეთელმა