საფრანგეთის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ (RN) კანდიდატები ლიდერობენ, რომლის სიის სათავეშიც ჯორდან ბარდელაა. წინასწარი შედეგებით, მათ ევროპარლამენტის არჩევნებში ხმების 30%-ზე მეტი მიიღეს.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის „რენესანსის“ პარტია 15,2%-ით მეორე ადგილს იკავებს.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სოციალისტებმა 14 პროცენტი დააგროვეს, ულტრამემარჯვენე „რეკონკისტამ“ 5,5% მიიღო, ხოლო მემარცხენე პარტიამ „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ (LFI) – 8,3%. მწვანეებმა მხოლოდ 5,2% დააგროვეს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, ევროკავშირის არჩევნების წინასწარი შედეგები, მაკრონმა პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოაცხადა.
მაკრონმა სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ ევროკავშირის არჩევნების შედეგები მისი მთავრობისთვის საშინელებაა და მას ამის უგულებელყოფა არ შეუძლია. საფრანგეთის პრეზიდენტმა არჩევნების პირველი რაუნდი 30 ივნისს დანიშნა, მეორე ტური კი 7 ივლისს.