მივესალმები ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილებას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც მას შეერყა პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
სააკაშვილის თქმით, იგი მხარს უჭერს პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე თინა ბოკუჩავას კანდიდატურას.
„მივესალმები ლევანის გადაწყვეტილებას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც მას შეერყა პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად და ენმ-ის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაინაცვლოს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე. უმნიშვნელოვანესია, რომ ლევანმა სწრაფად მოახერხოს რეაბილიტაციის გავლა და მისებურად აქტიურად ჩაერთოს გადამწყვეტ ბრძოლაში. მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური ძალის გასაერთიანებლად. ამოვიდეთ იქიდან, რომ დღეს ასეთია ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდობის დაკვეთა. ენმ გადაეწყობა მთლიანად ამ მიმართულებით ახალი სახეებით, ახალი იდეებით, რაც დაეფუძნება წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის ტრადიციას და მუდმივი განახლების პროცესს. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუში“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მან შემცვლელად თინა ბოკუჩავას კანდიდატურა წარადგინა.