ყველაფერი დალაგდება, წინსვლით მივალთ დანიშნულების ადგილამდე, კანდიდატის სტატუსზე გვჩაგრეს და ბოლოს ვერ დაგვჩაგრეს, საბოლოოდ, მოუწევს ყველას ჭეშმარიტების აღიარება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ატლანტიკური საბჭოს ანგარიში იმის დასტურია, რომ ფაქტები ყველაზე კარგად აჩვენებს, სად არის სინამდვილე და ჭეშმარიტება იმ ხმაურის უკან, რომელსაც ქმნიან შიდა თუ გარე აქტორები, რომლებსაც სურთ საქართველოს დაზიანება. ამ ხმაურის უკან ჩვენ ვხედავთ, რა არის რეალობა. რეალობა არის ის, რომ არა მხოლოდ ამ რეიტინგში, არამედ ბევრ სხვა რეიტინგშიც ყველა კანდიდატ ქვეყანას ვუსწრებთ, მათ შორის აღარ არის საუბარი მოლდოვაზე და უკრაინაზე, რომელზეც ათი თავით მაღლა ვდგავართ. ასევე, ვუსწრებთ ნატო-ს წევრ რამდენიმე ქვეყანას, ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას. ეს თავისთავად აჩვენებს, რას მიაღწიეს ქართველმა ხალხმა და საქართველომ. ჩვენ ამაყი უნდა ვიყოთ ამ მიღწევებით. რაც შეეხება სხვების საუბარს, მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ, ვინ ვართ და რა მიღწევები გვაქვს. სხვების დამოკიდებულებები იცვლება იმის მიხედვით, რომელი ხელისუფლება არის ამა თუ იმ ქვეყანაში. ასე რომ, ეს ყველაფერი თავის დროზე ყველანაირად დალაგდება და ჩვენი წინსვლით მივალთ იმ დანიშნულების ადგილამდე, საითაც მივდივართ. ასე იყო აქამდეც, როგორც კანდიდატის სტატუსზე გვჩაგრეს და ბოლოს ვერ დაგვჩაგრეს, მოუწიათ კანდიდატის სტატუსის მოცემა, როგორც ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებაზე სამი წელი უკრაინას ჩამოგვარჩინეს, მაგრამ ბოლოს უკრაინასთან ერთად მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას. აი, ასე, როგორც ყველა სხვა საკითხში, საბოლოო ჯამში, აქაც ყველას მოუწევს ჭეშმარიტების აღიარება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.