ჩვენ ევროპა ძალიან არაევროპულად მოგვექცა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„დახურული კარის მიღმა სააკაშვილთან მიმართებაში დიდი ხანი მიდიოდა ზეწოლა, რომ ჩამოსულიყვნენ პოლონელი ექიმები. ამ ყველაფერში ჩართული იყვნენ ელჩებიც, რომ რამენაირად მოეყვანათ პოლონელი ექიმები და ვნახეთ, რისთვისაც ჩამოვიდნენ აქ. სამარცხვინო სპეცოპერაციას ატარებდა ერთ-ერთი ექიმი, რომელსაც წინდით გაჰქონდა ნიმუში. ბოლოს ალტერნატიული დასკვნაც ვეღარ ვიხილეთ. როდესაც ელჩები მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან და ევროკავშირის სახელით დემარში გამოაცხადეს, ორ კვირაში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს დემარში იყო აბსოლუტური ტყუილი და ფარსი, რადგან სააკაშვილის გადაყვანის საჭიროება არ არსებობდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრს პირდაპირ შანტაჟის ენით ელაპარაკებოდნენ – კი მაგრამ, რომ მოკვდეს და რამე მოუვიდეს?! ხდებოდა აპოკალიპტური სურათის დახატვა. რატომ უნდა მოკვდეს, რატომ უნდა დაემართოს რამე, როდესაც ადამიანი თავის თავს თვითონ იზიანებს და ასეთ ბანალურ ჭეშმარიტებებს ვუხსნიდით. ამ ყველაფერს ევროპა არ ისმენდა, რითიც შიგნით არეულობაზე არათუ თვალს ხუჭავდა, არამედ ხელს უწყობდა კიდეც. ამიტომ ჩვენ ევროპა ძალიან არაევროპულად მოგვექცა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ამას საერთო არ ჰქონდა ევროპულ ღირებულებებთან. არ არის ევროპული ქცევა, როდესაც ქვეყანას უბიძგებ ისეთი ნაბიჯებისკენ, რომლებსაც შეიძლება, არეულობა მოჰყვეს და ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანოს. არ არის ევროპული ქცევა, როდესაც შენ სხვა ქვეყანაში, ფარულად, სპეცსამსახურების მეთოდებით აფინანსებ რადიკალურ ჯგუფებს და პოლიტიკურ პარტიებს, ერევი პოლიტიკურ პროცესებში. ეს ყველაფერი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია. ასე რომ, აქ ბევრი რამეა გამოსასწორებელი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის, გამჭვირვალობასაც ვგულისხმობ. ხომ ცნობილია, ევროპის დემოკრატიის ფონდი არ ასაჯაროებს თავის ფინანსებს, ფარულად აფინანსებს პარტიებს, რადიკალურ ჯგუფებს. ეს ყველამ იცის, ამაზე, გარკვეულწილად, თანხმობაც არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.