საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი მის მიერ 2 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
„დაზუსტება: 1. ქვემოთ მე ციტირება მოვიყვანე გერმანიის კანცლერის და დავეყრდენი კანცლერის წყაროს. ყველას შეუძლია კონტექსტის შემოწმება. 2. გერმანიის საელჩომ უპასუხა კითხვებს: კანცლერის განცხადების საბაბი იყო გერმანია, თუმცა ისინი ზოგადადაც ვალიდურია. 3. ვიმედოვნებ, ეთანხმებით კანცლერის სიტყვებს“, – ნათქვამია განმარტებაში.
2 ივნისს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში გააზიარა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება ძალადობის დაგმობაზე. ელჩს არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყანას შეეხებოდა კანცლერის განცხადება.ელჩის მიერ შოლცის განცხადების სოციალურ ქსელში გაზიარების შემდეგ, რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შოლცის განცხადება საქართველოს ეხებოდა.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პიტერ ფიშერის პოსტთან დაკავშირებით თქვა: „სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს… ვნახეთ, რომ კონკრეტულმა ტელევიზიებმა გერმანიის ელჩის ეს განცხადება გამოიყენეს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, წარმოაჩინეს ისე, თითქოს გერმანიის კანცლერი საუბრობდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, როცა ის საუბრობდა თუ არ ვცდები, ხუთი წლის წინანდელ მკვლელობაზე, რომელიც გერმანიაში იქნა ჩადენილი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჯერ გერმანიის ელჩი შეგნებულად აძლევს წყაროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის კონკრეტულ მედიასაშუალებებს და შემდეგ ის, რომ მედიასაშუალებები ამას იტაცებენ.“