ეს არის ომის ქარტია, ასე დარჩებიან ისინი ისტორიში, როგორც დარჩა შულავერის სია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მალე საზოგადოება პრეზიდენტისა და ოპოზიციის ერთიან სიასაც ნახავს.
„აღარ ვიცი უკვე, ამ კინოს მერამდენედ ვხედავთ. თავს გვაჩვენებენ, თითქოს არიან გაყოფილები, ცალ-ცალკე, არადა ყველა სათითაოდ არია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებიც ხან დაიშლებიან და ხან შეიკრიბებიან, იმის მიხედვით, როგორ დაულაგებენ გარედან ტაქტიკას. მათი ეს ქცევაც და სალომე ზურაბიშვილის ეს ქცევაც არის რაიმე წამოსული შიდა პოლიტიკური მსჯელობიდან, არამედ არის ის გეგმა, რაც გარედან მისცეს მათ, რომ ეხლა უნდა გაერთიანდნენ და გაერთიანდებიან. ეს არის ომის ქარტია, ასე დარჩებიან ისინი ისტორიში, როგორც დარჩა შულავერის სია, ისე დარჩება ომის ქარტიის სია.
რაც შეეხება ერთიან სიას, გავა დრო და ყველა ნახავს, რომ [ოპოზიციის] ერთიანი სია იქნება. გაპრანჭვა ხდება და უნდათ, ეს ყველაფერი ნელ-ნელა შემოგვაპარონ, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს", - ამბობს პაპუაშვილი.