აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა, ჩინეთის უარზე მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო სამიტში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვერ ხედავს, თუ როგორ შეუძლია ჩინეთს პოზიტიური როლი ითამაშოს ომის დასრულებაში, როდესაც რუსეთს სამხედრო ინდუსტრიული ბაზის აღდგენაში ეხმარება.
”ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვამბობდით, რომ ჩინეთს შეეძლო ეთამაშა პოზიტიური დიპლომატიური როლი ამ კონფლიქტის მოგვარებაში, თუ მას ეს სურდა. მაგრამ ვერ ვხედავთ, თუ როგორ შეძლებს ასეთი როლის შესრულებას, თუ გავითვალისწინებთ იმ ქმედებებს, რომლებიც ჩინეთმა განახორციელა ბოლო თვეებში რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის აღსადგენად.
ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩინეთს მკაფიოდ ავუხსნათ, რომ წინააღმდეგი ვართ მსგავსი ქმედებებისა და ამასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს პასუხისმგებლობას დავაკისრებთ. ჩვენ უკვე შევიტყეთ, რომ იგივეს გეგმავენ ჩვენი ევროპელი კოლეგებიც“, - განაცხადა მილერმა.
სამშვიდობო სამიტის კომენტირებისას მილერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის დიპლომატიურ ძალისხმევას და მოელის, რომ ეს ღონისძიება წარმატებული იქნება.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო სამიტს, გვინდა, რომ ის წარმატებული იყოს და ამიტომაც ხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი პირადად ესწრება ამ სამიტს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დიპლომატიურ ძალისხმევას", - თქვა მილერმა.
გუშინ, 3 ივნისს, თეთრი სახლში განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს შვეიცარიაში 15-16 ივნისს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი წარადგენენ.