მე ვიქნები ძალიან მკაცრი ამ დოკუმენტის ვალდებულებების შესრულების მიმართ, ამ როლში მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი იმ ხალხის წინაშე, ვისგანაც ვიღებ გარკვეულ ნდობას, რადგან ეს დოკუმენტი მოეწონათ და ხედავენ გამოსავალს, შვებას და გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მან „ქართული ქარტიის“ ხელმომწერ პოლიტიკოსებს მიმართა.
„პროცესი დღეს იწყება და მარტივი არ იქნება. შეფერხებებიც იქნება, უსიამოვნო მომენტებიც, მაგრამ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რაც ჩვენს წინ დგას. საწყისი პროცესი იყო, რომ დაგვენახა, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, რომ ის, რაც დაიწყო სტატუსის მიღებით, არ გაჩერებულიყო. უკვე ნათელი იყო ჩემთვის, როცა პარლამენტში ვაცხადებდი, კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად, მმართველი პარტია არ მუშაობდა იმ მიმართულებით, რომ შეესრულებინა ცხრა ნაბიჯიდან ნაწილი მაინც. როდესაც 7 თებერვალს დავიწყე კონსულტაციები, მაინც მივმართე მმართველ პარტიას, მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩართულიყვნენ ამ პროცესში, მისგან პასუხი არ მიმიღია. შემდეგ მივმართე თავმჯდომარე, იმას, რომელიც დღეს თამაშობს რაღაც შერბილებას, დღეს უცხოელებთან ამ როლში დგება, მისგანაც არ მიმიღია პასუხი. ეს კონსულტაციები ღია იყო ყველასთვის. ეს არის იწ, რაც იყო ამ პროცესის დასაწყისში. ამას მოჰყვა მთელი რიგი კანონებისა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ევროპულ გზას. ბოლოს მივედით, სადაც უნდა მივსულიყავით, რუსული კანონის დაბრუნებაზე. ამომრჩეველს ჰქონდა მიღებული პირობა კობახიძისგან, რომ ისინი არ დააბრუნებდნენ ამ კანონს. ამ რუსული კანონის მიღებამ სხვა მასშტაბში გადაგვიყვანა. ყველამ დაგმო ეს კანონი და თქვეს, რომ ამ კანონით ევროპაში ვერ მიგვიღებდნენ. ესეც ვერ გაიგო მმართველმა გუნდმა. პროცესი გადავიდა სხვა განზომილებაში. ჩვენს წინაშე დადგა საკითხი, ან ვაგრძელებთ იმ ევროპულ გზას, რომელზეც ვიდექით, ან ვერ დავაბრუნებთ და მივდივართ სულ სხვა მიმართულებით, რომელიც გვაახლოებს იმ ოკუპანტ ქვეყანასთან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საქართველომ ან უნდა აღადგინოს ევროპული გზა, ან წავიდეს სხვა მიმართულებით, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან დააახლოებს.
„ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის მათთან დაახლოების გზა, რუსები ამბობენ, კარგად იქცევით ბიჭებოო. ნათელი არჩევანია, ევროპული გზის გადარჩენის. ეს ვერ იქნება პოლიტიკური პარტიების ცალკეულად გამარჯვების არჩევნები. რა ფორმატებში მიიღებთ მონაწილეობას, ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, გთავაზობთ ერთობის ფორმულას, რაც არის ამ პროცესში, ამ დოკუმენტის, ვალდებულებების ირგვლივ, მე ვიქნები ძალიან მკაცრი ამ ვალდებულებების შესრულების მიმართ. ამ როლში მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი იმ ხალხის წინაშე, ვისგანაც ვიღებ გარკვეულ ნდობას, რადგან ეს დოკუმენტი მოეწონათ და ხედავენ გამოსავალს, შვებას და გზას. ამ დოკუმენტით დავიმსახურეთ გარკვეული ნდობა საზოგადოებისგან და პარტნიორებისგან, რადგან ხედავენ, ეს არის ის ნაბიჯები, რომელზეც თვითონ ფიქრობდნენ და მათ მოთხოვნებში ჯდება. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელი თუ ევროპელი პარტნიორებისთვის. ამიტომ, ეს პროცესი არის ერთადერთი შანსი, რომ მოვახდინოთ ამ არჩევნების მოგება. ეს არის მიზანი. მიზანი თვითონ არჩევნები არ არის, არჩევნები არის საშუალება, რომ შესრულდეს ეს ქარტია და ამან დაგვაბრუნოს ევროპაში. ამისთვის საჭიროა დიდი მობილიზაცია ამომრჩევლების, რადგან ჩვენს ქვეყანაში არჩევნებს იგებენ ძალიან რთულ პირობებში, მაგრამ არჩევნების მოგება ყოველთვის შეიძლება. მეც მაქვს პასუხისმგებლობა, რომ ყველა იყოს ჩართული, არ შეიძლება ინდიფერენტულობა. ეს არის დანაშაული ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც ამის ღირსი არ არის. ეს მობილიზაცია ეხება დიასპორასაც, რომელიც აქამდე იყო ინერტული, არც არავინ უწყობდა ხელს, უფრო აქტიურად ჩართულიყო არჩევნებში. დღეს სულ სხვა რამ არის, მათთვისაც წყდება ამ ქვეყნის მომავალი, შენ გაინტერესებს შენი ქვეყნის ბედი და ის, რომ ოკუპანტს არ ჩაუვარდეს ხელში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.