უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც მანილაში ჩავიდა, ფილიპინების პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს უმცროსს შეხვდა.
„მადლობელი ვარ ფილიპინების უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მკაფიო პოზიციისთვის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მიმართ, ასევე გაერო-ს მნიშვნელოვანი რეზოლუციების მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებაში.
ზელენსკის განცხადებით, მან მარკოსთან განიხილა „სამშვიდობო სამიტი“, რომელიც უკრაინის ინიციატივით 15-16 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება და რომელშიც ფილიპინები 100-მდე ქვეყანას შორის მიიღებს მონაწილეობას.
გარდა ამისა, უკრაინისა და ფილიპინების პრეზიდენტებმა ისაუბრეს, ორმხრივ თანამშრომლობაზე - კერძოდ, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფილიპინებში ექსპორტზე.