ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი თანამზრახველების სისხლიანი დანაშაულები პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„სისხლისმსმელი ბარბაროსი და ბანდიტი, სახელად ნეთანიაჰუ, რომელსაც რეგიონი და მთელი მსოფლიო კატასტროფამდე მიჰყავს, უნდა შეაჩერონ“, - თქვა, თურქეთის ლიდერმა.
მისი თქმით, თურქეთი მხარს უჭერს პალესტინელი ხალხის სამართლიან ბრძოლას მათი უფლებებისთვის და ამისთვის იყენებს მთელ თავის შესაძლებლობებს. „თურქეთი ყველა პლატფორმაზე გამოდის პალესტინელების მიმართ 76-წლიანი ჩაგვრის, ხოცვა-ჟლეტისა და უსამართლობის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, „ჰამასს“ პოზიტიური მიდგომა აქვს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ღაზაში ომის დასასრულებლად წარდგენილი გეგმის მიმართ.
„ჰამასმა“ გამოაცხადა თავისი პოზიტიური მიდგომა პრეზიდენტ ბაიდენის ბოლო წინადადების, ისევე როგორც მისი წინა წინადადების მიმართ, თუმცა ნეთანიაჰუს პასუხი იყო სისხლისღვრის, ხოცვა-ჟლეტის, ოკუპაციისა და გენოციდის პოლიტიკის ინტენსივობის გაზრდა“, – აღნიშნა ერდოღანმა.
ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ანკარის გადაწყვეტილება, აღმოფხვრას ტერორისტული საფრთხე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რომელიც მომდინარეობს ჩრდილოეთ ერაყიდან და სირიიდან.
"თურქეთი ვერ იგრძნობს თავს დაცულად, ვიდრე არ ამოაშრობს ტერორიზმის მწარმოებელ ჭაობებს ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.