გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე გაგრძელდება, ამიტომ ბერლინი გააძლიერებს საკუთარ თავდაცვას და დაეხმარება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების დაცვაში.
გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანიის პოლიტიკის „გარდამტეხი მომენტი“, რომელიც მან 2022 წელს გამოაცხადა, აუცილებელი იყო, რათა რუსეთისთვის ეჩვენებინათ: „ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი თავდასხმისგან“.
მას მიაჩნია, რომ დიპლომატია მხოლოდ ძლიერების პოზიციიდან იქნება წარმატებული.
„და რადგან რუსეთის მხრიდან საფრთხე გაგრძელდება, ჩვენ და სხვა მოკავშირეებმა შარშან გადავწყვიტეთ განვალაგოთ დამატებითი დანაყოფები ბალტიისპირეთის ქვეყნებში და მომავალში იქ მუდმივად განვათავსოთ მთელი ბრიგადა, ეს პირველია გერმანიისთვის და ბუნდესვერისთვის“, - აღნიშნა შოლცმა.