პარიზში ეიფელის კოშკთან მიიტანეს ხუთი კუბო წარწერით: „ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში“. კუბოებს შემოხვეული ჰქონდა საფრანგეთის დროშები.
მედიის ცნობით, ეიფელის კოშკთან კუბოები სამმა ადამიანმა დატოვა.
ფურგონის მძღოლი, რომელმაც კიბოები მიიტანა, იქვე მახლობლად დააკავეს.
მან პარიზის პოლიციას განუცხადა, რომ გადაუხადეს 40 ევრო, რათა გადაეყვანა კიდევ ორი ადამიანი და მათი ტვირთი. AFP-ის ცნობით, მძღოლი ბულგარეთიდან პარიზში წინა დღეს ჩავიდა.
საქმის კიდევ ორი ფიგურანტი მოგვიანებით დააკავეს პარიზის ბერსის ავტოსადგურზე, საიდანაც ისინი ბერლინში გამგზავრებას აპირებდნენ. დაკავებულებს შორის ერთი უკრაინელია, ერთი კი გერმანელი.
დაკავებულების მოტივი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ კუბოებზე წარწერა, სავარაუდოდ, ეხება უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის საკითხის განხილვას, რომელზეც ლაპარაკი პირველად საფრანგეთმა დაიწყო.