პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვერ გამოჩნდებოდა ისეთ ღონისძიებებზე, სადაც, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, პროტოკოლის მიხედვით არ ეკუთვნოდა დასწრება.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პარტიულ აქტივთან შეხვედრაზე და გასვლითი ღონისძიებებისას ყოველთვის მზადაა, უპასუხოს ჟურნალისტების შეკითხვებს.
„ძალიან ნუ ნერვიულობთ ჩემს გამოჩენა-არგამოჩენაზე. მარტივი ახსნა არსებობს. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, პროტოკოლის მიხედვით, რაც არის დაწესებული და მიღებული პრაქტიკა, ძალიან დიდი ხნის პრაქტიკა და პროტოკოლი, მე არ და ვერ გამოვჩნდებოდი ისეთ ღონისძიებებზე, სადაც არ მეკუთვნოდა გამოჩენა. როცა მაქვს გასვლითი ღონისძიებები და ვხვდები ჩვენს აქტივს, ყოველთვის მზად ვარ, კითხვებზე გაგცეთ პასუხი. რაც შეეხება კანონს, კანონზე ნუღარ ინერვიულებთ, კანონი არის მიღებული, მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.