პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ქარტია დიდი გაუგებრობაა.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ქარტიის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებს თავმოყვარეობა აქვთ დაკარგული.
“ჩემი გადმოსახედიდან ეს ძალიან დიდი გაუგებრობაა, საერთოდ რა ქარტიაზე ლაპარაკობს ეს ადამიანი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე. ჩვენ კარგად ვხედავთ, რაც ხდება ქარტიის გარშემო. ადამიანებს საერთოდ თავმოყვარეობა აქვთ დაკარგული, ვგულისხმობ ოპოზიციურ პარტიებს. მათ თავად ჩაანაცვლეს საკუთარი ბელადი ახალი ბელადით, სალომე ზურაბიშვილს ვგულისხმობ და ამ რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან.
მოვისმინე მისი ახალი შეთავაზება, თურმე ჯერ უნდა მოუგონ ქართველ ხალხს და „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში, ამ ქაოსმა უნდა მოიგოს, ამ, როგორც ჩვენმა კოლეგებმა დაარქვეს, ომის გაერთიანებამ უნდა მოიგოს თურმე არჩევნებში, შემდეგ უნდა დაანგრიოინ სახელმწიფო ინტერესები და ინსტიტუტები, შემდეგ ერთი წლის თავზე ახალ არჩევნებში შეიყვანონ ქვეყანა, რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. რაც მალე შეეგუებიან რეალობას, მით უკეთესი მისთვის და ყველა მის გარშემო შემოკრებილი ლუზერისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.