ასე გამოიყურება რუსული კანონი, შუბებით, ქვებით ცდილობდნენ პარტიის ცენტრალურ ოფისში შემოჭრას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გასულ ღამეს მომხდარი ინციდენტის შესახებ განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შუბებით შეიარაღებული, 100-მდე ნიღბიანი პირი საპატრულო პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ იფისამდე მიაცილა და შემდეგ გააცილა. მისივე თქმით, ეს ადამიანები გდდ-დან იყვნენ.
„ასე გამოიყურება რუსული კანონი მოქმედებაში, ასე გამოიყურება „ქოცის“ სახე. ეს არის შუბი, რითაც ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში შემოჭრას. ფაქტობრივად, რამდენიმე წუთის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლებს, უსაფრთხოების თანამშრომლებს, გოგონებს, ახალგაზრდებს უწევდათ კარებთან ამ ადამიანების შეკავება. 100- მდე ნიღბიანი ადამიანი იყო, რომლებიც სავარაუდოდ გდდ-დან იყვნენ, ხარებას სპეცდანიშნულების რაზმებიდან მოაბილიზეს ერთად, რადგან იქიდან მოვიდნენ და შემდეგ ისევ იქით წავიდნენ. წინა კარებიდანაც, სამზარეულოდანაც ცდილობდნენ შემოსვლას და იყვნენ ამ შუბებით შეიარაღებულები ღამის პირველ საათზე, თუმცა რამდენიმე წუთი ვუწევდით წინააღმდეგობას და თავს ვიცავდით, რომ ეს აგრესიული „ტიტუშკები“ არ შემოჭრილიყვნენ. სამწუხაროდ, ჩემს არასრულწლოვან შვილთან ერთად ვიმყოფებოდი აქ, მაგრამ მათ აღარც ბავშვები, აღარც ოჯახის წევრები არ აინტერესებთ. ასე გამოიყურება ივანიშვილის რუსული კანონი და საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ეს კაცი არ აპირებს ილაპარაკოს, სანამ ხელისუფლებაში იქნება. შუბები, ქვებით, ტერორით, თავდასხმებით და „ტიტუშკებით“. ასევე, მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, მივმართო ელჩებს და ყველას ვუთხრა, რომ გამოთქვით ყველამ თქვენი პოზიცია ამ თავდასხმასთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რომ ესენი არ გაჩერდებიან და სამიზნე იქნება სხვადასხვა პოლიტიკური, სამოქალაქო ჯგუფი, რიგითი მოქალაქეები, აქტივისტები და ამ შუბის ენით აპირებენ საუბარს. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ ამ შეშინებული ხელისუფლების ჩამოშორება, წინააღმდეგ შემთხვევაში გვესმის, რომ ესენი ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობას არ აპირებენ. ყველა სიკეთესთან ერთად ძალიან მხდალები და მშიშარები არიან, მინიმალური წინააღმდეგობის დროსაც კი თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ. ასევე, ძალიან მძიმე იყო იმის ყურება საპატრულო პოლიციად წოდებულმა ავტომობილებმა ჯერ როგორ მოაცილეს და მერე გააცილეს და შემდეგ ყველა რომ წავიდა, აი ინდურ ფილმებში რომაა ისე მოვიდნენ ბოლოს, როცა ყველაფერი მორჩა და „ტიტუშკები“ გაიქცნენ. ეს ძალიან სამწუხარო საყურებელია, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალა ივანიშვილმა და პოლიცია გახადა „მილიცია“ და ხარებას ზონდერ დაჯგუფებად გადააქცია ყველა ისეთი სამსახური, რომელიც კანონს უნდა ემსახურებოდეს. უნდა გვესმოდეს, რომ მძიმე პერიოდი გველოდება წინ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ სახელოვნად, რადგან ყველა სიკეთესთან ერთად არიან მშიშარები და ისინი არიან წაგებულის პოზიციიდან. ძლიერი ხელისუფლება, რომელსაც სალაპარაკო აქვს მის ხალხთან შუბით არ ელაპარაკება ხალხს.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა